ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირსა და მის ჩინოვნიკებს საქართველოში მშვიდობა, დემოკრატია კი არ აინტერესებთ, არამედ რევოლუცია, რათა მეორე ფრონტის ჩავარდნილი სცენარი გააცოცხლონ

ირაკლი ქადაგიშვილი

ევროკავშირსა და მის ჩინოვნიკებს საქართველოში მშვიდობა, დემოკრატია კი არ აინტერესებთ, არამედ რევოლუცია, რომელიც მათ მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.

კერძოდ, ირაკლი ქადაგიშვილს მედიის წარმომადგენელმა ჰკითხა: „როგორ ფიქრობს, რა გზავნილია ეს?“

„სწორედ ის გზავნილია, რაშიც ვაკრიტიკებთ ევროკავშირსა და მის ჩინოვნიკებს. მათ საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოში მშვიდობა და დემოკრატია კი არ აინტერესებთ, არამედ რევოლუცია, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის საშუალებას მისცემს, რათა მეორე ფრონტის ჩავარდნილი სცენარი ახლიდან გააცოცხლონ. რეალური მიზანი და მიზეზი ეს არის, სხვა არაფერი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.