1749577630
მაკა ბოჭორიშვილი: მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთპატივისცემით, ჩვენ შევძლებთ საქართველოსა და იტალიას შორის კავშირების გაძლიერებას და მშვიდობიანი ევროპის მომავალზე ერთობლივად ზრუნვას

იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც, როგორც საქართველოს, ისე იტალიის მხრიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. ,,ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ ცენტრში - ქალაქ მილანში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა, რომელიც იტალიის 8 რეგიონს ფარავს, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა გენერალური საკონსულოს ფუნქციონირების მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის.
„არსებული კავშირები, ჩვენი ისტორია, კულტურა და ყველაფერი ის, რაც ორ ერს აერთიანებს, იტალიას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ჩვენი თანამემამულეებისთვის. ამის გათვალისწინებით, მათი ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მილანში ჩვენი წარმომადგენლობის არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია. გენერალური საკონსულო, ბუნებრივია მხოლოდ საკონსულო ფუნქციებით არ შემოიფარგლება. გენერალური საკონსულოს მუშაობა იმ რვა რეგიონთან, რომელიც იტალიის ეკონომიკაში, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში უმნიშნველოვანეს როლს თამაშობს, მიმართული იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ და დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ. მჭიდრო თანამშრომლობით, მეგობრობით და ერთმანეთის პატივისცემით ჩვენ შევძლებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ორი ქვეყნის კავშირების გაძლიერებას, მშვიდობიანი ევროპის მომავალზე ერთობლივად ზრუნვას და მასში ჩვენი წვლილის შეტანას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მილანის მერმა ჯუზეპე სალამ, მილანის პრეფექტმა კლაუდიო ზგარალიამ და ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ალპარონემ.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილანში, ვისკონტების სასახლეში, ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი და ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ფარავს ჩრდილოეთ იტალიის რვა რეგიონს: ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია ჯულია, ლიგურია, ლომბარდია, პიემონტე, ტრენტინო-ალტო ადიჯე, ვალე დ’აოსტა, ვენეტო.