მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის მიერ არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციაზე: ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ამ დონეზე ინსტრუმენტალიზაცია და გამოყენება ხდება

მაკა ბოჭორიშვილი

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ინსტიტუტი ბოლო პერიოდში გადაქცეულია რაღაც ინსტრუმენტად, რომელიც გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გასაღრმავებლად და ევროკავშირთან ურთიერთობების დასაზიანებლად, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის მიერ არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თავად ევროპელმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს, რომ რეზოლუციას არანაირი სავალდებულო ძალა არ აქვს.

„სამწუხაროდ, სწორედ ასეთი რეზოლუციების თუ დოკუმენტების ერთადერთი შედეგია ის, რომ საქართველოში იქმნება რაღაც პოლიტიკური თითქოს დღის წესრიგი მედიაში და ჩვენ ამას განვიხილავთ. თავად ევროპელმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს, ამას არანაირი სავალდებულო ძალა არ აქვს და მისი გათვალისწინება ნაკლებად ხდება ხოლმე. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ამ დონეზე ინსტრუმენტალიზაცია და გამოყენება ხდება. შემდგომ მათი გზავნილები გამოყენებულია ერთადერთი რამისთვის, რომ ოპოზიციამ შექმნას დღის წესრიგი საქართველოში და გამოიყენოს ჩვენი საზოგადოების შანტაჟისთვის, ჩვენი საზოგადოების დაშინებისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.