დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არ სურს რუსეთთან ახალი ომი, თუმცა არ იტყვის უარს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
„ომს - და ჩვენ ეს ვიცით რუსეთთან ომის გამოცდილებიდან - კარგი არაფერი მოაქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ „ჩვენ გვაქვს ბევრი თანხვედრა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან“.
„არჩევანს, რომელიც საქართველომ გაააკეთა და რომელმაც ჩვენ დასავლეთისგან დაგვაშორა, ახლა აშშ იცავს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ აღადგინოს ჩვენი ურთიერთობები ვაშინგტონთან, არამედ გააძლიეროს კიდეც“, - განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე განიხილა საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული ლანდშაფტი და თქვა რომ „საერთაშორისო პოლიტიკაში უკვე დადგა რეალიზმის ეპოქა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, პრაგმატულები ვიქნებით“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავარი მისია [კვაკასიის რეგიონში] მშვიდობის შენარჩუნებაა“, რისთვისაც „ქვეყანამ სწორად მანევრირება და თანმიმდევრულად პოზიციონირება უნდა მოახდინოს პარტნიორებისთვის სწორი გზავნილების გაგზავნით“.
„ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ოფიციალურ თბილისს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან, რომელსაც არაკანონიერად უკავია ქვეყნის ტერიტორიის 20%.
„ამ პირობებში ჩვენი ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო ფორმატებში გამორიცხულია. რუსეთი მთავარი გამოწვევაა. საქართველომ უნდა იმოქმედოს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა არ დააზარალოს საკუთარი ინტერესები“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ნატოში ინტეგრაციაზე საუბრისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნატოში გაწევრიანება რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად“.
მან ასევე გაიხსენა 2008 წელს ალიანსის მიერ გაკეთებული დაპირება უკრაინასა და საქართველოსთვის კარის გაღების შესახებ და განაცხადა, რომ „ეს კარი არასდროს გაღებულა“.
„გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხორციელებადი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც სააგენტო EFE აღნიშნავს, როდესაც ახლახან აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატოში არ არის, საქართველომ „მარტივი გაკვეთილი გამოიტანა“.
„დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ხოლო მათგან პირველი არის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირთან დაძაბულობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის „განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“.
„ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში [...] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია. თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გატარებას, რათა 2028 წლისთვის ქვეყანა ევროკავშირთან „რაც შეიძლება ახლოს იყოს“.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე და აღნიშნა, რომ „საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ყურადღება გაამახვილა არასათანადო უცხოურ დაფინანსებაზე“.
„ამან შექმნა ანტაგონიზმი დასავლეთთან და ჩვენ ვიყავით მსხვერპლნი. ახლა ცხადი ხდება, რომ ჩვენ მართალი ვიყავით“, - დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.