მაკა ბოჭორიშვილი: ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია

დეპუტატი

 ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზეც და ამ კონტექსტში აღნიშნა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მისივე თქმით, საქართველო მოწინავე სახელმწიფოა ბიზნესის კეთების, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით და უზრუნველყოფს თანაბარი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

„ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ზედიზედ 10 წელია, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასევე უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. ქალთა და გოგონათა უფლებების სათანადო რეალიზებისადმი საქართველოს მხარდაჭერა აშკარაა, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება მეწარმე ქალთა ხელშეწყობას, ფინანსური დახმარების ინსტრუმენტებზე ქალთა მუდმივი წვდომის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

გვჯერა, რომ ძლიერი და განათლებული ქალები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები და თავდაჯერება, ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდღეობას და მომავალ თაობას უკეთეს პერსპექტივას სთავაზობენ”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.