მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიური სამსახურის წინაშე არაერთი გამოწვევაა, მნიშვნელოვანია, ამ გამოწვევების სწორად გასამკლავებლად, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, ვიმსჯელოთ პრობლემურ საკითხებზე

მაკა ბოჭორიშვილი

ელჩების ყოველწლიური კონფერენცია დიპლომატიური სამსახურისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ღონისძიების ფარგლებში, შევაჯერებთ მთელი წლის განხორციელებულ საქმიანობას, ვისაუბრებთ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე, რა გავლენას ახდენს ის საქართველოს საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაზე, განვსაზღვრავთ ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, დიპლომატიური სამსახურის წინაშე დღეს არაერთი გამოწვევა დგას და სწორედ ამ გამოწვევების სწორად გასამკლავებლად არის მნიშვნელოვანი პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა.

„ოთხდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ძირითადად იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგის ფორმატები, სადაც სხვადასხვა მიმართულებით, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ ქვეყნის პრიორიტეტებს. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, თავი მოვუყაროთ გლობალურ ხედვებს თბილისში, როგორ ჩანს მსოფლიო თბილისიდან და როგორ ჩანს გარესამყაროდან თბილისი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში, რათა უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. დღეს დიპლომატიური სამსახურის წინაშე დგას არაერთი გამოწვევა და სწორედ ამ გამოწვევების სწორად გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, ერთად შევიკრიბოთ და ერთად ვიმსჯელოთ პრობლემურ საკითხებზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდნენ ელჩების კონფერენციას ევროკავშირის, საფრანგეთის ელჩები, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა:

„ვინ არ ესწრებოდა, რატომ არ ესწრებოდა, შეგიძლიათ, მოიკითხოთ. ახლა არის საშობაო არდადეგების პერიოდი. ძალიან ბევრი ელჩი არ იმყოფება საქართველოში, ისინი არიან საშობაო არდადეგებზე. პოლიტიკურ მიზეზებს ნუ ეძებთ ყველაფერში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.