მაია ბითაძე: ყველას უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, შვედეთი, პოლონეთი და გერმანია არ არიან. გადატვირთვის პოლიტიკის მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან პროცესები ნორმალიზდება

მაია ბითაძე

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ერი, ერი, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი გაიარა და ვერანაირი საერთაშორისო წნეხი ვერ იმოქმედებს ჩვენი აზრის შეცვლაზე. ეს სწორედ ის ერია, რომელმაც სისხლი დაღვარა, განსხვავებით ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან, იმისთვის, რომ ჩვენ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა და სწორედ ჩვენ გადავიტანეთ ორი ომი რუსეთისგან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

მან კომენტარი გააკეთა 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ბითაძის თქმით, მმართველი გუნდი ამ შეხვედრიდან პოზიტიურ გზავნილებს არ ელოდება, თუმცა ასევე არ ელოდება, რომ ნაბიჯები იქნება გადადგმული აბსურდული სანქციების ან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისკენ.

„ყველას უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, შვედეთი, პოლონეთი და გერმანია არ არიან. პლუს იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ამ ქვეყნებში პოლიტიკური მსოფლმხედველობა იცვლება და ტენდენციები, რომლის გამყარებისთვის „ქართული ოცნება“ იბრძვის ამდენი ხნის განმავლობაში - მშვიდობა რეგიონში, ეკონომიკური წინსვლა, ოჯახური, ადამიანური და გენდერული ღირებულებების დაცვა, ეს ტენდენციები, კონსერვატიული მიდგომები ამ სახელმწიფოებშიც ძლიერდება. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ახლად არჩეულ ევროპარლამენტში გაზრდილი რაოდენობა იმ დეპუტატებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, რომლებიც სწორედ იმ პოზიციას იზიარებენ, რასაც „ქართული ოცნება“ ამდენი ხანი საუბრობს. პირდაპირ ამბობენ, ამგვარი ჩარევა საერთაშორისო აქტორების, ამ შემთხვევაში ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში, არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეში დარღვევა და თვითონ ევროკავშირის იდეას, ევროპულ ღირებულებებს უთხრის ძირს, რისთვისაც ეს კავშირი შეიქმნა თავის დროზე და პრაქტიკულად ემსგავსება საბჭოთა კავშირის მსგავს წარმონაქმნს, რომლისთვისაც ევროკავშირის მოსახლეობას არასდროს უბრძოლია. შესაბამისად, ბუნებრივი მოვლენა იქნება სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი - გადატვირთვის პოლიტიკის მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან პროცესები ნორმალიზდება“, - განაცხადა ბითაძემ.