მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ჩვენ ვაპროტესტებდით ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომლებიც ჯო უილსონის მხრიდან იყო დაინიციირებული - ამ შესწორებების გამო მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი

მაია ბითაძე

სამარცხვინო სიცრუეა და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის საჭირო, არსებობდეს კანონი ცილისწამების შესახებ, რომ ასეთი სიცრუე, რომელიც ამ შემთხვევაში მიზნად ისახავს მთელი ერის შეცდომაში შეყვანას, იყოს მხილებული, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულმა მხარემ პორტოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

მისი განმარტებით, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დაინიციირებული ცვლილებების გამო ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან მავნებლურ ტყუილთან. ჩვენი დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით როგორც საკომიტეტო მოსმენაზე, ასევე პლენარულ სესიაზე, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იყო დაინიციირებული და მხარდაჭერილი ერთ კლუბად შეკრული გარკვეული დელეგაციების მხრიდან, რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით.

ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და სამწუხაროდ, სწორედ ამ შესწორებების გამო მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი, რაც ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა. ეს არის მტკნარი ტყუილი, რომელიც მიზნად ისახავს რეზოლუციის ტექსტში იმ წარმატებული შენატანისა, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იყო მოთხოვნილი, ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.