არ უნდა გაგვიკვირდეს - განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ - კახა კალაძე „ჰექსოგენის“ საქმეში უკრაინული სპეცსამსახურების ჩართულობაზე

კახა კალაძე

„ვინ არიან წარმოდგენილნი უკრაინაში გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე? შემთხვევით, ის პირები ხომ არ არიან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხალხს აწამებდნენ 2012 წლამდე, თუ რაიმე უბედურება ხდებოდა, მათი ჩართულობითა და მათი თანამონაწილეობით ხდებოდა. შემთხვევით, ეს ადამიანები ხომ არ არიან სხვადასხვა მაღალ  თანამდებობაზე? ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში უკრაინის სპეცსამსახურების კვალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მას წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთება არ სურს და მიიჩნევს, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება განახორციელა.

„წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთებისგან  თავს შევიკავებ, დაველოდოთ კიდევ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრევენციული ღონისძიების განხორციელება და მადლობა შესაბამის უწყებას  და თითოეულ თანამშრომელს, მათი საქმიანობისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.