ლობისტური კომპანია, რომელიც თვითონ იღებს რესურსებს პიროვნებებისგან, პარტიებისგან, კომერციული ორგანიზაციებისგან, თურმე თვითონ შეიძლება იყოს რომელიმე კონგრესმენის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი - ბარამიძე

ბარამიძე

360 ათასი დოლარი ლობისტური საქმიანობისთვის! შტატების იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის მიხედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომპანია ნელსონ მალინსი დაიქირავა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან.

ასევე, დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პარტია ოთხი ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ფარა-ს დოკუმენტების მიხედვითვე, ამ კომპანიიდან შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა. ნელსონ მალინსისთან გაფორმებულ ექვსთვიან ხელშეკრულებას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძე განცხადებით, ლობისტური კომპანია, რომელიც თავად იღებს დაფინანსებას კერძო პირებისგან, ვერ იქნება რომელიმე კონგრესმენის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი.

"თითქოს ლობისტური კომპანია, რომელიც თვითონ იღებს რესურსებს პიროვნებებისგან, პარტიებისგან, კომერციული ორგანიზაციებისგან სხვადასხვა საკუთრების ლობირებაში, თურმე თვითონ შეიძლება იყოს რომელიმე კონგრესმენის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი.

ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს საქართველოში, დიდი ხანია - თუ ვინმეს მოკლე მეხსიერება აქვს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.