ლიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე

ლიკა შარტავა

ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება -საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს,- განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ.

მისი თქმით მათი თაობა არ უნდა გახდეს  წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე. ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი მტრობას აღარ ნიშნავს.

შარტავას განცხადებით, „27 სექტემბერს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორ გავაგრძელოთ ისტორია.“

„რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი უახლესი ისტორიის ძალიან მძიმე  და მტკივნეული თარიღი -1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. ჩემი თაობა  გაიზარდა ქვეყანაში, რომლის რეალობაც ამ მოვლენებმა  მნიშვნელოვნად განსაზღვრა. სწორედ ამიტომ დღეს, 27 სექტემბერზე არა მხოლოდ როგორც წარსულზე, არამედ მინდა, როგორც მომავალზე ვისაუბრო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ისტორიის გახსენებას მნიშვნელობა მაშინ აქვს, როდესაც მისგან დასკვნების გამოტანაც შეგვიძლია და თუ ჩვენი ისტორია ერთ რამეს  მკაფიოდ გვასწავლის, ეს არის ის, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას მუდმივი შიდა დაპირისპირების უფლება უბრალოდ არ აქვს. ჩვენ არ უნდა მივიღოთ მოცემულობად ორად გაყოფილი საქართველო - ქვეყანა, სადაც ხშირად  მნიშვნელოვანია, ვინ თქვა, ვიდრე ის, თუ რა თქვა; ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს  წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე. პირიქით, ვფიქრობ, შეგვიძლია ისეთი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი მტრობას აღარ ნიშნავს. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება -საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს. თუ ერთიან საქართველოზე ვსაუბრობთ ერთიანობა ხო მხოლოდ რუკაზე გავლებული საზღვრებით  ვერ განისაზღვრება. ერთიანობა არ ნიშნავს ერთ აზრს, ან ერთ პოლიტიკურ შეხედულებას. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებების მიუხედავად ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს საკითხები, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მაღლა დგას. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეების განმავლობაში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ლიდერების წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა ჩვენი ქვეყნის პოზიცია მშვიდობიანი პოლიტიკის, მომავალი ხედვისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ - ქვეყნისა, რომელმაც ძალიან კარგად იცის ომის ფასი, მაგრამ რჩება არა წარსულის ტკივილში, არამედ მტკიცედ აშენებს მომავალს და აყალიბებს ძლიერ, თანამედროვე სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ გლობალურ ქაოსში, საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს - სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს არის იმ ყოველდღიური შრომის შედეგი, რომელსაც საფუძვლად ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა უდევს და ჩვენ, ამ ინტერესების დაცვის პროცესში ვართ იმაზე დამოუკიდებელნი, ვიდრე ოდესმე. მართალია წარსულს ვერ შევცვლით. ვერ შევცვლით 27 სექტემბერს და ვერ დავაბრუნებთ ადამიანებს, ვინც თავი ერთიან დამოუკიდებელ საქართველოს შესწირა, მაგრამ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორ გავაგრძელებთ ისტორიას, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო. გამოვიყენებთ მას ახალი დაპირისპირების გასაღრმავებლად, თუ გავიაზრებთ,

რამდენად ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს ერთმანეთის დაკარგვა.  საქართველო თითოეულ ჩვენგანზე დიდია... ჩვენ უნდა გვახსოვდეს საკუთარი ისტორია და შევძლოთ ამ ისტორიიდან მიღებული გამოცდილებით უკეთესი მომავალი დავუტოვოთ შემდეგ თაობას.“- განაცხადა ლიკა შარტავამ. 

✕