ლიეტუვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინისა და საქართველოს მსგავსად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი მეომრებისა და მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, - ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდამჭერ შეხვედრაში, რომელიც კათედრალის მოედანზე ბუჩაში, ირპინში, ბოროდენკოსა და უკრაინის სხვა ქალაქებში სასტიკად ნაწამებ მსხვერპლთა პატივსაცემად ჩატარდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე: უკრაინის ელჩმა ლიეტუვაში პეტრო ბეშტამ, აშშ-ის ელჩმა ლიეტუვაში რობერტ გილკრისტმა, შვედეთის ელჩმა ლიტვაში ინგერ ბაქსტონმა, ვილნიუსის მერმა რობერტას დუჩნევიჩმა.

„მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ, ლიეტუვაში ყოფნისას ისაა, რომ ლიეტუვა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინისა და საქართველოს მსგავსად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამოცდილება.

ევროპაში მრავალი ადამიანი იმეორებს, რომ თქვენ ჩვენი მომავლისა და ჩვენი თავისუფლებისათვის იბრძვით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რომ თქვენ ჩვენი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ვიქნებით ევროპაში და ეს თქვენი, თქვენი მეომრებისა და თქვენი მოქალაქეების გამორჩეულად მამაცური ბრძოლის დამსახურება იქნება, რომლებიც ერთად ახორციელებენ ამ გამორჩეულ წინააღმდეგობას.

დიდება უკრაინას!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც ლიეტუვაში ამ ეტაპზე მცხოვრები უკრაინელები ესწრებოდნენ.