ლევან ჟორჟოლიანი: გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება. გვაქვს ამბიციური მიზანი, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირით, სწორედ ამ მიზნისკენ მივდივართ

ლევან ჟორჟოლიანი

"გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება, იგივე აქტების გამოქვეყნების ნაწილში, ადრე არ ქვეყნდებოდა მთავრობის განკარგულებები, ახლა აბსოლუტურად ყველაფერი არის ღია", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და სწორედ ამას ემსახურება შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის ახალი სისტემის დანერგვა.

"აბსოლუტურად ყველაფერი არის ღია და პირიქით, ვეუბნებით ადამიანებს, რომ თუ რამეს ნახავენ, მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ. აქ არის მთავრობის გადაწყვეტილებები და ნახეთ ყველაფერი. ახლა დავუბრუნდეთ ისევ ბაზრის კვლევის მოდულს. MRS სისტემა ნიშნავს, რომ თუ ადრე მეილებით ხდებოდა ბაზრის კვლევები, გააგზავნიდნენ 2-3 მიმწოდებელთან და შეიძლება ბაზარზე არის 20, 30 მიმწოდებელი, მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებდნენ, იქიდან იღებდნენ ფასებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად აცდენილი იყო საბაზრო ფასს. ჩვენი მიზანი არ არის, რომ რაღაცაში გადავიხადოთ ნაკლები, ჩვენი მიზანია, რომ გადავიხადოთ სამართლიანი ფასი. ეს უნდა იყოს მისაღები ბიზნესისთვისაც და მისაღები სახელმწიფოსთვის, არც ნაკლები უნდა იყოს და არც ზედმეტი. ცოტას თუ გადავიხდით, ჩვენ გაგვიხარდება, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის. სატესტო რეჟიმი უკვე გაშვებულია და ძალიან ბევრი სამინისტრო იყენებს ამ მოდულს. პირველი იანვრიდან, ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას ექნება ვალდებულება, რომ ბაზრის კვლევა ატვირთოს ამ ელექტრონულ მოდულში და როგორც კი კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესყიდვა გამოჩნდება ამ ელექტრონულ მოდულში, ავტომატურად ეგზავნება ყველა მიმწოდებელს ინფორმაცია, რომ შემოვიდნენ ბაზრის კვლევაში. შესაბამისად, ამის შემდეგ, პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ ვიცოდი, ვერ მოვახერხე, ან ა.შ. არ არსებობს. თუ კონკრეტული საქონლის მიმწოდებელი არის 20 ან 30 კომპანია, 30-ვე კომპანიას ექნება საშუალება, შემოვიდეს ბაზრის კვლევაში და მოგვცეს ფასები. შესაბამისად, ნებისმიერი გარიგება გარეთ აზრს კარგავს, იმიტომ, რომ კონკრეტული კომპანია შეიძლება გარიგდეს 2-3 კომპანიასთან, 30 კომპანიასთან ვერ გარიგდება. შესაბამისად, ფასები რაც მოვა, გვანახებს, რომ იქნება დიდი განსხვავება. ავიღებთ უმცირეს ფასს და შესაბამისად, ტენდერიც გამოცხადდება უმცირესი ფასით, რომელზეც ცხადდება კონკურსი, კონკურენცია არის და ის ტენდერის შედეგად კიდევ იკლებს ხოლმე", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ლევან ჟორჟოლიანმა ასევე ისაუბრა MRS-მოდულში ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, რათა კომპანიებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღება ონლაინ-რეჟიმში შეძლონ.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემსყიდველი ორგანიზაცია შედეგებს ვერ ნახავს, ვიდრე ბაზრის კვლევაში პრეტენდენტების მიერ ფასების შემოტანის ვადა არ ამოიწურება. თუ ადრე იყო შესაძლებელი, რომ გენახა ფასი, შემდეგ დაგერეკა და გეთქვა, დააკელი ან მოუმატე, ეს გამორიცხულია. ვადა რომ დამთავრდება, მერე იხსნება ეს შედეგები და შესაბამისად, ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია შებოჭილი იქნება ფასებით, რა ფასებიც დაფიქსირდება ამ ინკლუზიური პროცესით. ასევე, მთლიანად გვაქვს დაზღვეული კომერციული და პერსონალური მონაცემების საკითხი. შესაბამისად, კომპანიები დაცულები არიან მაშინაც, თუკი გარკვეული კომერციული ინფორმაციის მოწოდება მოუწევთ და ის არ გასაჯაროვდება. ეს პროცესი არის იმის საწინდარი, რომ სწორი ფასი ავიღოთ და ტენდერი სწორი ფასით გამოცხადდეს, რომელზეც მერე ისევ უნდა შედგეს ვაჭრობა და კიდევ უნდა წამოვიდეს ფასები ქვევით. ეს შედეგად გვაძლევს იმას, რომ თუ რაღაცას ადრე სახელმწიფო ყიდულობდა X თანხაში, ეს X თანხა უნდა შემცირდეს კარდინალურად და შესაბამისად, მეტი შესყიდვის, მეტის გაკეთების საშუალება ექნებათ კონკრეტულ საჯარო უწყებებს. პირველი იანვრიდან ეს სავალდებულო იქნება ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის. 100%-ით რისკის დაზღვევა არ არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ რისკს დავაზღვევთ 95%-ით, ძალიან დიდ შედეგზე გავალთ მომავალ წლებში. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირით. პრემიერ-მინისტრს აქვს გაცხადებული ეს მიზანი და სწორედ ამ მიზნისკენ მივდივართ ამ ნაბიჯებით, რომელსაც ვდგამთ შესყიდვების მიმართულებით", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.