ლევან ნიკოლეიშვილი: მარკო რუბიოს შემთხვევაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია იმდენად ბევრია მისთვის, რომ ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდება

ლევან ნიკოლეიშვილი

ანაკლიის პორტის და შუა დერეფნის საკითხი ამერიკის მხრიდან თავშეკავების ერთ-ერთი ფაქტორია, რადგან ჩინეთი არ არის ის მოთამაშე, რომელიც შესულია რომელიმე რეგიონში, თუნდაც ეკონომიკურად, ან ძალიან მალე იწყებს შესვლას და ვიღაცამ ასე ადვილად ხელი აუქნიოს და გააგდოს, ეს ადვილი არ იქნება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„ამას აშშ-ც აცნობიერებს და იცის, რომ ამ მდგომარეობაში მან რაღაც ისეთი უნდა გააკეთოს, რომ თავისი წილი გავლენა არ დაკარგოს. ვფიქრობ, მას აქვს ინტერესი, რომ ანაკლიაში ისიც იყოს. შეიძლება ფართო სპექტრით ვერ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ რაღაც მასაც უნდა ჰქონდეს ანაკლიაში.

მარკო რუბიოს შემთხვევაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია იმდენად ბევრია მისთვის, რომ ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდება. საელჩო არის ერთ-ერთი მთავარი ინფორმატორი სახელმწიფო მდივნის, მაგრამ საელჩოს გარდა სახელმწიფო მდივანს გააჩნია უამრავი ბერკეტი. ერთი მხრივ ჩვენ მოვისმინეთ ნახევრად დიპლომატიური პასუხი აშშ-ში და მეორე მხრივ მოვისმინეთ პასუხი პრემიერ-მინისტრის. თუ ვინმე ელოდა იმას, რომ მივიღებდით მკვეთრ პასუხს, ყველა ცდება. ეს ინფორმაციები მისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.