ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი და განათლების მინისტრი წარადგინა

ლევან მგალობლიშვილი

ცვლილებები აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტში - ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე ბექა ღვაჩლიანი წარადგინა. დავით მორგოშია კი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, აპარატის უფროსის პოზიციაზე დანიშნა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიზანი მთავრობის ეფექტიანობის გაზრდაა.

"აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მთავრობის ეფექტიანობის გასაზრდელად. დავით მორგოშიამ მოკლე დროში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებით გააძლიეროს მუშაობა. რაც შეეხება ბატონ ბექა ღვაჩლიანს, აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბიუჯეტო სახსრები იყოს გამჭვირვალე, თითოეული ლარი დაიხარჯოს ეფექტურად და ყველა დევნილს ჰქონდეს იმის შესახებ ინფორმაცია თუ რას ხმარდება აფხაზეთის მთავრობის და მასში შემავალი სამინისტროების ბიუჯეტი“, - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი .