ლევან მახაშვილი: ვამბობდით, გაირკვეოდა, რომ ჯო უილსონის აქტიურობის უკან ფული იყო, დღეს გავიგეთ, თურმე რა არის უილსონის საქართველოს მიმართ სიყვარულის ფასი, ეს არის 360 ათასი დოლარი

ლევან მახაშვილი

ვამბობდით, გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში, ჯო უილსონის აქტიურობის უკან ფული იყო. დღეს გავიგეთ, თურმე რა არის ჯო უილსონის საქართველოს მიმართ სიყვარულის და მეგობრობის ფასი – ეს არის 360 ათასი დოლარი, დაახლოებით მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ლევან მახაშვილის თქმით, „თურმე თავისუფალი არჩევნების ლობიზმით არიან დაკავებული მაშინ, როცა ქართულ პოლიტიკაში სრულიად რადიკალიზმით გამოირჩევიან, მათ შორის საარჩევნო პროცესებში“.

„გვახსოვს, ბევრი ქართულ პოლიტიკაში მილიონების, მილიონი ლარის შოვნას ცდილობდა და როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძეს ჯო უილსონიც შეუერთდა, რომელიც ქართული პოლიტიკიდან მილიონების შოვნას ცდილობს. მათი ვითომ მეგობრობის და აქტიურობის უკან ფული დგას და არა, საქართველოს მიმართ სიყვარული. თურმე თავისუფალი არჩევნების ლობიზმით არიან დაკავებული მაშინ, როცა ქართულ პოლიტიკაში სრულიად რადიკალიზმით გამოირჩევიან, მათ შორის საარჩევნო პროცესებში. ეს ყველაფერი ყალბი სახელია იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური რადიკალიზმი გაამართლონ. რას აკეთებს ჯო უილსონი, რა სახის პოსტებს პოსტავს? – ეს არის პირდაპირი წახალისება რადიკალური დღის წესრიგის. უფრო სწორად, ამერიკის კონგრესიდან ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის წახალისება. ეს ის რეალური მიზნებია, რაც ამ ლობისტური კონტრაქტის ფარგლებში ამოძრავებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და მას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს აშშ-ში ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორის არის სამხრეთკაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი.