ლევან მახაშვილი: ევროკომისია დარწმუნდება, რომ საქართველო არათუ საფრთხეს უქმნის, არამედ პირიქით, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის საზღვრების სადარაჯოზე მტკიცედ დგას

ლევან მახაშვილი

ევროკომისია დარწმუნდება, რომ საქართველო არათუ საფრთხეს უქმნის, არამედ პირიქით, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის საზღვრების სადარაჯოზე მტკიცედ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, საქართველო არათუ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ ერთ-ერთი იშვიათია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და პარამეტრებს იცავენ.

ლევან მახაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალური არ არის.

„საქართველოს პარლამენტმა რვა მიმართულებაზე პასუხი რამდენიმე დღის წინ გადააგზავნა, ქვეყნის მთლიან პასუხს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეკრავს და ამ ინფორმაციას ევროკომისიას გადაუგზავნის. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია. იმედი გვაქვს, თავიანთ სტატისტიკას გადაამოწმებენ, მაგალითად, „ევროჯასტისგან“, „ევროპოლისგან“, ევროკავშირის სააგენტოებისგან. ევროკომისია ერთიანობაში დარწმუნდება, რომ საქართველო არათუ საფრთხეს უქმნის, არამედ პირიქით, ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის საზღვრების სადარაჯოზე მტკიცედ დგას.

ამის გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალური არ არის. ის იმდენად გახდება რეალური, რამდენადაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, რომ პარტნიორები მაქსიმალურად შეცდომაში შეიყვანონ. სხვა მხრივ, საქართველო არათუ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ ერთ-ერთი იშვიათია იმ სახელმწიფოებს შორის, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს და პარამეტრებს იცავს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.