ლევან მაჭავარიანი: რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

ლევან მაჭავარიანი

რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელისგან მიღებულ მითითებებთან დაკავშირებით.

მანვე აღნიშნა, რომ სასპეკულაციო ველის არ დატოვების მიზნით პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერებს, მოთხოვნის შემთხვევაში, შეწყალებაც შესთავაზა.

„მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ქალბატონ კალასს და ყველას, რომ რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს ყველასათვის არის ძალიან კარგად ცნობილი. აქაც, ბატონი ყაველაშვილის ინიციატივას შევახსენებდი ქალბატონ კალასს, რომელმაც წინადადება დადო მაგიდაზე, რომ მე გამოვიყენებ ჩემს დისკრეციულ უფლებას, მომმართონ შეწყალებით და შევიწყალებ, რომ სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. შესაბამისად, ხელისუფლება ამ მიმართულებით ყველაფერს აკეთებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მან ასევე ისაუბრა გამჭვირვალობის კანონზე და განმარტა, რომ ყველა ის სპეკულაცია, რითაც გარე აქტორები საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ატყუებდნენ და მიტინგს ამართინებდნენ, დღეს უკვე გაქარწყლებულია.

„2 წლის წინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ქუჩაში გამოიყვანეს და აბსურდში შეიყვანეს და იქ ერთი თვე-ნახევარი აპტროტესტებინეს გამჭვირვალობის კანონი, შეგახსენებთ რამდენიმე მიზეზს, რასაც ეუბნებოდნენ მათ. პირველი, ის თუ როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლეთიდან წამოსული თანხები, მეორე, რომ ეს კანონი არის რუსული, მესამე, რომ ამ კანონის მიღებით ავკრძალავდით NGO ორგანიზაციებს და მეოთხე, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელეარხებს. გავიდა 1 წელიწადზე მეტი და გამოაშკარავდა, რომ დასავლური ფული, რასაც ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებდით, თვითონ აშშ-ის ადმინისტრაციამ ამხილა, რომ USAID-იც და NED-იც არის კრიმინალური ორგანიზაციები. შესაბამისად, ეს კითხვის ნიშანი მოხსნილია. რუსულ კანონს რაც შეეხება, კონკრეტულად რუსულ კანონზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა 6 მუხლი, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს. არცერთი ეს მუხლი ქართულ, გამჭვირვალობის, უმარტივეს 6 გვერდიან კანონში არ არის. 1 წელზე მეტი გავიდა და არ აგვიკრძალავს არც ოპოზიციური მედია საშუალებები, არც NGO სექტორი. შესაბამისად, მოქალაქეების ის ნაწილიც, რომელიც ამ ყველაფერს აპროტესტებდა, მათი უმრავლესობაც იმაში დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ეს ტყუილი შიდა და გარე აქტორებს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს შავი ფული ყოფილიყო შეუზღუდავი და რევოლუციის მცდელობების დაფინანსება მომხდარიყო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.