ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციაში მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება არ ჰქონდეს

ლევან მაჭავარიანი

ჩვენი ნომერ პირველი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება, აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგება, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში და ეს გარდაუვალია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებს ხედავენ, ბოლოს იყო ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა, ორმაგი ენერგიით აქტიურდებიან, ცდილობენ, ის შუღლი გააღვივონ, რაც ამდენი ათწლეულის განმავლობაში ხელოვნურად არსებობს.

„სააკაშვილის განცხადება შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ამას წინ უძღოდა კარგად დაგეგმილი კამპანია, ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება, ქართველებს ომის დანაშაულების ჩადენა რომ დააბრალა. შემდეგ გვარამიას განცხადება გვახსოვს, რომ თითქოს ეს რაღაცა ტრავმაა, რომელიც უნდა მოვიშოროთ, მას ქალბატონი სამადაშვილი აჰყვა, შემდეგ ბატონმა სააკაშვილმა შეკრა ეს ნარატივი. ესენი მტრები არიან, უნდათ, შუღლი იყოს ხელოვნურად გაღვივებული, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება არ ჰქონდეს. ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს მათი გადადგმული ნაბიჯები, როდესაც ოკუპანტს გადააბარეს ტერიტორიები. ეს 2008 წელს არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2006 წელს, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. პარალელური არჩევნები ჩაატარეს და „გაუპრავეს“ ის არალეგიტიმური არჩევნები სეპარატისტებს. შემდეგ ღალატის მუხლი ამოიღეს, აღუდგინეს ე.წ. საზღვრები, რომელიც ზვიად გამსახურდიას დროს გაუქმებული იყო. ეს ღალატის ქრონიკა კარგად დაორგანიზებული იყო, რომელიც ორი წლით ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველოს ასეთ შარში გახვევდნენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.