ლევან მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: თუ „ფარას“ საქართველოში აკრიტიკებენ, საინტერესოა გააკრიტიკებენ თუ არა აშშ-ში, თუმცა ამასთან დაკავშირებით მათი კომენტარი არ მოგვისმენია

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებას „ქრონიკასთან“ აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან.

„ფარა“ ჩვენ გადმოვიღეთ სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი, კოპირებული ვარიანტი იმ რედაქციით, რა რედაქციითაც იგი მოქმედებს აშშ-ში. თუ „ფარას“ აკრიტიკებენ საქართველოში, საინტერესოა გააკრიტიკებენ თუ არა „ფარას“ აშშ-ში, თუმცა ამასთან დაკავშირებით მათი კომენტარი ჩვენ არ მოგვისმენია, შესაბამისად აქაც საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭო, საქართველოს კანონზე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) მოსაზრებას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, „აქტში გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე“, შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება.