ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებმა უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ, სწორედ ამ დამოკიდებულების გამოძახილია პაველ ჰერჩინსკისა და ფიშერის თავხედური განცხადებები

ლევან მაჭავარიანი

ევრობიუროკრატებმა საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. სწორედ ამ უსამართლო დამოკიდებულების გამოძახილია პაველ ჰერჩინსკისა და ფიშერის თავხედური განცხადებები, ქცევები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ჰერჩინსკი მანამდე თუ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ესხმოდა თავს, ამ შემთხვევაში, უკვე თავდასხმა მთლიანად სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე დაიწყო“.

„ევრობიუროკრატებმა თავიანთი მიდგომები უნდა შეცვალონ – ან უნდა შეეგუონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერ ანაცვლებენ ვერც არჩევნებით და ვერც რევოლუციის გზით, რომელიც რამდენჯერმე სცადეს, ან ევროპელ ხალხში გამოფხიზლებას დაველოდოთ, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. ამერიკამ ზუსტად იმ მახინჯ იდეოლოგიაზე თქვა უარი, რასაც ეს ევრობიუროკრატები ავრცელებენ. ასევე უარი თქვეს იმ მანკიერ პოლიტიკაზე, რასაც ევრობიუროკრატები აწარმოებენ. შესაბამისად, ევროპელმა ხალხმაც უნდა მიბაძოს ამერიკელ ხალხს და ეს არარჩეული ბიუროკრატები შეიცვალოს, მმართველობაში უნდა მოვიდნენ ისეთი ბიუროკრატები, ვისთვისაც რეალურად მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ღირებულებები, ფასეულობები. ჰერჩინსკის განცხადება ცალსახად თავხედურია, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრება, რომ ბნელ, სამოქალაქო ომის პერიოდში დავბრუნდებით. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა თავხედურ განცხადებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.

საგარეო უწყებაში შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.