ლევან მაჭავარიანი: ეს ადამიანები შეშინებულები არიან, ვინაიდან იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებს პირდაპირ ეთერში ამ საგამოძიებო კომისიას და იქ მათ სიცრუეს არავინ აპატიებს

ლევან მაჭავარიანი

ეს ადამიანები არიან შეშინებულები კომისიაზე მისვლით, ვინაიდან იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უყურებს პირდაპირ ეთერში ამ საგამოძიებო კომისიას, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა იმ პირებზე საუბრისას, რომლებიც დაბარების მიუხედავად, საგამოძიებო კომისიის სხდომებზე არ გამოცხადდნენ.

„იქ მათ სიცრუეს არავინ არ აპატიებს, ხოლო მათ რომ ის პასუხი გასცენ, რა პასუხიც არის ობიექტური, თვითონვე [ჩაიგდებენ] თავს ძალიან რთულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საგამოძიებო კომისიის სხდომებს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საცირკო სანახაობა უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ამ სხდომებზე არ მისვლას აქვს არგუმენტი - ეს არის მათი პოლიტიკური ხედვა და რომ პარლამენტს არ აღიარებენ.

დაბარების მიუხედავად, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ არ გამოცხადდა ირაკლი ოქრუაშვილი. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება, ბადრი ჯაფარიძეზე კი კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 349-ე მუხლით უკვე აღიძრა, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის" გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იგივე მუხლით ელის პასუხისგება ხაზარაძის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესაც. „ლელოს“ ლიდერები სხდომაზე მას შემდეგ დაიბარეს, როცა ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ გაიხსენა, თუ რა როლი ჰქონდათ მისთვის ბიზნესის წართმევასა და კეზერაშვილისთვის გადაცემაში, სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს.