ლევან ხაბეიშვილი: პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ, მინდა მოვუწოდო, არ ვიყოთ რაიმის ხელის შემშლელი, ყველას თავისი გზა აქვს, არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება

ლევან ხაბეიშვილი

აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და თქმა, აი, „ლელო“ როგორი ცუდია, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი, ყველას თავისი გზა აქვს, ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა გაიკიცხონ ის ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ერთიანობა არ სურთ.

„პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ და რომლის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც ვარ, მინდა მოვუწოდო, არ ვიყოთ რაიმის ხელის შემშლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მეტი ერთიანობა გვინდოდეს, ან რაღაცა ისე არ იყოს, არ შეიძლება ამაზე უკან დახევა. ერთიანობა სადაც იქნება, ყველგან უნდა ვიყოთ, სიტყვა ერთიანობა სადაც იქნება, იქ უნდა ვიყოთ. კიდევ მინდა გთხოვოთ, რომ ის ხალხი, ვინც არ გვიერთდება, იმათ დასჯაში ნუ შევდივართ. დავანებოთ იმ ხალხს თავი, ზოგი საჩვენო საქმეს აკეთებს, ეგრე უყურებს და ეგრე წამს.

გავიგეთ, რომ „ლელო“ არ შემოდის, აკეთებს იმ თავის საქმეს, გააკეთოს. აღარ გვინდა ყველა ეთერში დაჯდომა და აი, „ლელო“ როგორი ცუდია. მეტსაც გეტყვით, იმ გახარიას პარტიასაც დავანებოთ თავი. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა მინუს ივანიშვილი, ეს უნდა იყოს, არ აქვს ამას პარტიული კუთვნილება. ჩემი, როგორც ერთი გულშემატკივრის პოზიცია, ისე უნდა გაიგოს საზოგადოებამ. ყველა მინუს ივანიშვილი  – ვისაც არ უნდა, გააკეთოს მარტო, ნუ შედიხართ იმ ხალხის განსჯაში. ვინც ერთიანები ხართ, იმათ ილაპარაკეთ ერთმანეთში, ესაუბრეთ საზოგადოებას, იმათ იმოქმედეთ. არ გვინდა ამდენი გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვიზეც ამბობდა, რომ დამნაშავე და კორუმპირებულია, საქმე არის აღძრული.

„მე რომ პარლამენტში ვიყავი, მიკროფონს ვრთავდი და ვამბობდი, მიქაუტაძე არის კორუმპირებული. მაგ დროს გამოდიოდა ხალხი, ზარქუები, ვოლსკები და ამბობდნენ, ხაბეიშვილი ტყუის, მოიგონა – დაიჭირეს მიქაუტაძე კორუფციაზე. ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი რომ მოდიოდა, ვამბობდი, კრიმინალია, ისინი მპასუხობდნენ, ხაბეიშვილი არის მასხარა – დაიჭირეს ღარიბაშვილი. ლილუაშვილზე ვამბობდი ქოლცენტრები აქვს-მეთქი, კობახიძე და მდინარაძე ატარებდნენ ბრიფინგს და არაო, კეზერაშვილს აქვს ქოლცენტრებიო, ორი წელი ზღაპრებს ლაპარაკობდნენ. ფარცხალაძეს აქვს ქოლცენტრები-მეთქი და ლამის დანასისხლად გადაიქცნენ, ფიზიკურად იწევდნენ პარლამენტში. ლილუაშვილს აქვს ქოლცენტრები-მეთქი და არაო, ციხეშია ახლა, სხვათაშორის ჩემს სართულზე, მეორე სართულზე ჰყავთ გამწესებული.

მგონი, ჩინი უნდა მოემატებინათ და ეთქვათ, ეს არის მთავარი გამომძიებელიო. აღებული აქვთ ჩემი განცხადებები, „შპარგალკასავით“ და მიყვებიან ერთი-ერთში. კაცი არ დატოვეს, ვიზეც ვთქვი, რომ კორუმპირებულია, მიყვებიან და იჭერენ, მე რატო ვარ დამნაშავე. არ არსებობს საკითხი, სადაც კონკრეტულად ვამბობდი, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე და საქმეები არ იყოს აღძრული. ყველა ამ ადამიანზე პროკურატურაში თავის დროზე განცხადება მქონდა შეტანილი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, იგი პოლიტიკური განცხადებების გამო არის დაკავებული და პროკურატურა მას რამე ქმედებას არ ედავება.

„ვარ პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული, არცერთ მოქმედებას არ მედავებიან, აი, მაგალითად, გელა ხასაიას აბრალებენ, რომ ვიღაცა სცემაო. მე მოქმედებას პროკურატურა არ მაბრალებს, რომ ვიმოქმედე“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.