1788430468
ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, მასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამიკეთებია - გია ხუხაშვილი
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილს საერთოდ არ იცნობდა. მისი თქმით, ამ პირის არსებობის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.
"ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე. მე მასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, სანამ ეს ამბავი არ ატყდებოდა," - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებული კიდევ ერთი პირი, გიორგი გიგაური განმარტავს, რომ მისი განცხადებები მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია იყო, დაკავშირებული ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან. მისივე თქმით, საქმის შინაარსსა და დეტალებს მხოლოდ მედიაში გამოქვეყნებული მასალებიდან იცნობს.
"ფაქტის კონსტატაცია არის ეს, რაც დაწერა ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე. საიდან უნდა ვიცნობდე ამ საქმის შინაარსს - პრესაში გამოქვეყნებულიდან გამომდინარე," - აცხადებს გიორგი გიგაური.
ცნობისთვის: პროკურატურის ინფორმაციით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სტატუსით მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი გამოიკითხება. საგამოძიებო უწყების ცნობით, უკვე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულნი არიან გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები და ამ ეტაპზე დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებების გამო გამოკითხვები გრძელდება.









