ლაშა ხუციშვილი: დღეს ხელი მოეწერა პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დღეს ხელი მოეწერა პროექტის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის — ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობას.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკისგან იქნა მოზიდული თანხა, რომლის ჯამური ოდენობა 350 მილიონ დოლარს აღემატება.

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, პრაქტიკულად ბოლო ნაწილი – ბათუმი-სარფის მონაკვეთი. მნიშვნელოვანია თავისი საინჟინრო გადაწყვეტითაც, ასევე, ინვესტიციის მოცულობით. აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად თანხა მოზიდულ იქნა აზიის განვითარების ბანკისგან, რომლის ჯამური ოდენობა 350 მილიონ დოლარს აღემატება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა მუნიციპალური, წყლის, თუ რეგიონული პროექტების დაფინანსების კუთხით. აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მოწინავე ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს მთავრობის პრაქტიკულად ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.