ლაშა აბაშიძე: ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით ბლოკ-მატარებელი გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა მთლიანი სარკინიგზო სექტორისთვის

ლაშა აბაშიძე

„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დავნიშნეთ ბლოკ-მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ფოთი–თბილისი–ფოთის მიმართულებით. ეს გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, ახალი ბლოკ-მატარებელი რეისებს ამეტაპზე კვირაში 4-ჯერ შეასრულებს - წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად. მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა.

აღსანიშნავია, რომ კონტეინერებით ბლოკ-მატარებლის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გაგზავნისა და ტერმინალში მიწოდების დრო.

„ბლოკ-მატარებელი საქართველოს რკინიგზის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები თბილისში წინასწარ დადგენილი გრაფიკით ჩამოიტანონ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადამზიდავი კომპანიებისა და ტერმინალების საქმიანობას.

ბლოკ-მატარებლის მუშაობა ასევე დამატებით ფინანსურ სარგებელს მოიტანს საქართველოს რკინიგზისთვის – გაიზრდება კომპანიის შემოსავალი“,- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

ამასთან, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ მიმართულებას ბაქოს მიმართულებაც დაემატება და ბლოკ-მატარებელი ფოთი–ბაქო–ფოთის მარშრუტით შეასრულებს რეისებს.