კომისიის მუშაობის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა - ეს ცოდნა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს დაედება საფუძვლად, რათა მსგავსი შეცდომები, მსგავსი დანაშაულები აღარ მოხდეს - ილია ინჯია

ილია ინჯია

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა პარლამენტში - კომისიის წევრები დღეს სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხზე დამატებით განმარტებებს გიორგი გახარიასგან დისტანციურად ელოდებიან.

კომისიის სხდომის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ილია ინჯიას განცხადებით, აღნიშნული საკითხის გარდა, კომისიის სხდომაზე განიხილავენ კოდორის მოვლენებსა და აგვისტოს ომს.

"პირველი სამი მოსმენა გვექნება კოდორის მოვლენებთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში, გვექნება აგვისტოს ომის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტების გარჩევა. ბატონი გახარია იქნება ჩართული. ვნახოთ, ამ დატვირთული დღის შემდეგ როგორი ახალი ინფორმაცია გვექნება.

არის ბევრი კითხვები და ველოდებით ამ კითხვებზე პასუხებს. კომისიის მუშაობის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო ნათელ და კარგ მომავალს დაედება საფუძვლად, რათა მსგავსი შეცდომები, მსგავსი დანაშაულები აღარ მოხდეს", - განაცხადა ილია ინჯიამ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიადა და სოფელ ჩორჩანაში მაცხოვრებელი ადამიანების ჩვენებები ერთმანეთს აცდენილია.

"ის ამტკიცებდა, თითქოს ჩორჩანაში, იმ ცნობილი სამეთვალყურეო ადგილის განთავსების შემდეგ საქართველოს არაფერი დაუკარგავს და არავითარი კონტროლი არ დაუკარგავს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებდა აქ.

შემდეგ, მოვიდნენ იქ მაცხოვრებელი ადამიანები, ასევე ტელევიზიითაც გამოვიდნენ, საჯარო სივრცეშიც განაცხადეს, რომ ეს ასე არ არის და დაახლოებით მილიონი კვადრატული მეტრი ტყის ფართობი დაიკავეს ოკუპანტებმა და იქ ადგილობრივ მოსახლეობას აღარ აქვს შესაბამისი მასალების გამოტანისა და სხვა ქმედებების საშუალება. ეს ორი ჩვენება ერთმანეთს არის აცდენილი და, რა თქმა უნდა, მას უნდა დავუსვათ შეკითხვები, რატომ მოგვცა ის ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.