კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პატრონებმა ოთხ სუბიექტად შეიყვანეს პარლამენტში, ამიტომ, მგონია, საბოლოო ჯამში, დაავალებენ, შევიდნენ პარლამენტში, რადგან მათთვის ეს დასაკარგი შედეგი არ არის - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პროგრამა მინიმუმი, რასაც მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა იყო ის, რომ მათ ოთხ  ნაწილად დაშალეს ეს პოლიტიკური ძალა და საბოლოო ჯამში მოახერხეს, რომ ოთხ სუბიექტად შეიყვანეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებს ასევე ჰქონდათ პროგრამა მაქსიმუმი, რაც ხელისუფლების შეცვლას და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას გულისხმობდა.

„მათთვის არსებობდა პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი. პროგრამა მაქსიმუმი იყო ხელისუფლების შეცვლა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ არსებობდა ასევე პროგრამა მინიმუმი, ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაწევრება, რათა იმაზე მეტი შედეგი მიეღოთ, მათ შორის 5-პროცენტიანი ბარიერის გათვალისწინებით, ვიდრე სხვა შემთხვევაში მიიღებდნენ. მაგალითად რომ ავიღოთ ჩვენ წინა არჩევნების შედეგები, მაშინ დაახლოებით 30 პროცენტი მიიღო „ნაცმოძრაობამ“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ვგულისხმობ, თეორიულ 5-პროცენტიან ბარიერს ვერც ერთ სხვა პარტია ვერ ლახავდა. „ლელოს“ ჰქონდა 3 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა 4 პროცენტამდე და ა.შ. 5 პროცენტი არც ერთ პარტიას არ ჰქონდა, იგივე რომ გამეორებულიყო ახლა, „ნაცმოძრაობა“ აიღებდა 30 პროცენტზე ცოტა ნაკლებს, რადგან ჩვენი პროცენტი გაიზარდა. პირობითად ავიღოთ 25 პროცენტი „ნაცმოძრაობას“, მაგრამ  მაღალი ალბათობით, ვერც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავდა საარჩევნო ბარიერს. პროგრამა მინიმუმი რაც იყო, რასაც მიაღწიეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პატრონებმა - მათ დაშალეს 4 ნაწილად ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და საბოლოო ჯამში მოახერხეს ის, რომ 4 სუბიექტად შეიყვანეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში. მთლიანობაში ამ ოთხმა პარტიამ მიიღო 38 პროცენტი, ანუ ბარიერგადალახულმა პარტიებმა მთლიანობაში აიღეს 38 პროცენტი, როდესაც ერთი „ნაცმოძრაობის“ პირობებში 25 პროცენტით შევიდოდა ერთი პოლიტიკური პარტია პარლამენტში. ეს მათთვის არის შედეგი, მიღწევა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მგონია, რომ პატრონები დავალებას მისცემენ ამ ოთხივე პარტიას, რომ ისინი ბოლოს შევიდნენ პარლამენტში, რადგან ეს არ არის დასაკარგი შედეგი მათთვის. პროგრამა მინიმუმი არის შესრულებული და შესაბამისად, ისინი ამ შედეგს აუცილებლად გაუფრთხილდებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.