VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
1737051347
ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „გმობენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების გამო“.
განცხადების ხელმომწერები არიან – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაიტი.
„ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების გამო. შოკირებულები ვართ ცნობით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ბათუმის სასტუმროში ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ეს „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირეების მიერ, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც 50 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს საქართველოს ქუჩებში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის დემონსტრაციებზე დგანან. საქართველო წლების განმავლობაში იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი, რასაც ხალხის მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს არ შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და აღარც კი აჩვენებს თავს ისე, თითქოს საქართველოსთვის ევროპული დემოკრატია სურს. საქართველოში გაუარესებული ვითარება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ამჟამად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი მკაფიოდ ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის ნებისა.
ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რამდენადაც ის გაყალბებული იყო და არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ.
ჩვენ მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ თვითგამოცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აქტიური ლეგიტიმაციისგან და ამ მხრივ მოვუწოდებთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეჩერებისკენ. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იქნება მართული, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“,- აღნიშნულია ხუთი ევროპარლამენტარის განცხადებაში.