ხშირად მესმის, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა - არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ. უგულავა იძახდა, რა უნდა მთაწმინდაზე, ეზოში დაკრძალონო - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია

ძალიან ხშირად მესმის სიტყვათა წყობა, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა. არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა, პოლიტიკურად და ორგანიზაციულად, გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩამოსვენებისას, ოფიციალური პირებისგან ნაკლები ყურადღება შეიმჩნეოდა, ვინაიდან, ცოტნე გამსახურდია მაშინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. როგორც გიორგი გამსახურდია იხსენებს, თუ ვინმემ იმჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლებისგან რამე გააკეთა, იყო კობა სუბელიანი, ხოლო გიგი უგულავა, ზვიად გამსახურდიას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვასაც კი არ ემხრობოდა. "ძალიან ხშირად მესმის სიტყვათა წყობა, მიშამ ზვიადი საქართველოში ჩამოასვენა.

არ იყო ეგრე, ზვიადის გადმოსვენების თემა, პოლიტიკურად და ორგანიზაციულად, გააკეთა ჩემმა ძმამ, ცოტნემ. პირადად ცოტნე შეხვდა და დაალაგა ეგ საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან და შემდეგ ჩეჩნეთში ჩასვლისას, რამზან კადიროვმა, აღმოუჩინა ქმედითი დახმარება. მოგეხსენებათ, ჩეჩნეთის პირველ ომამდე,ომის დროს და მერე, რამზანიც და ჩვენც, ერთ მხარეს ვიდექით. შესაბამისად, ურთიერთობაც გვქონდა. ამ საკითხში მოგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა. საქართველოში ჩამოსვენებისას, ოფიციოზიდან ნაკლები ყურადღება შეიმჩნეოდა, იმიტომ რომ ცოტნე მაშინ გახლდათ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. შიზოიდს კიდევ, მისი დალაგებული არ აწყობდა მით უფრო ეს თემა (გახსოვთ ალბათ მისი სახე პარლამენტთან). თუ ვინმემ რამე, გულით იშრომა და გააკეთა ოფიციოზიდან, ეს იყო კობა სუბელიანი, თავისი პატრიოტული შეხედულებებიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე. დანარჩენი და უფრო მეტიც, უგულავა იძახდა, რა უნდა მთაწმინდაზე, ეზოში დაკრძალონო. ძველი საკრებულოს შენობაში თქვა პირადად, მეც იქ ვიყავი. კიდევ ბევრი რამეა, რასაც მერე ვიტყვი მაგ ისტორიაში. აღდგომის წინა პერიოდი იყო და გამახსენდა ეს ყველაფერი." - წერს გიორგი გამსახურდია.