კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები, რა განცხადებებს აკეთებენ, შემთხვევით ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები - არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე

არჩილ გორდულაძე

"ადამიანები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, მათი პატრონების დავალებით და მითითებით, ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის, რადიკალიზაციას, ძალადობრივი აქციების დაორგანიზებას და შემდეგ ამაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ, სხვა ადამიანებს შეატოვებენ ხოლმე," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"არის ერთგვარი წამოცდენები და შემზადების პროცესები, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მსხვერპლი, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ, ისევე, როგორც ეს გამოიყენეს უკრაინაში 2014 წელს, რევოლუციური სცენარის მოსაწყობად. ზუსტად ეს იყო, რომ ქალბატონ ლორა თორტონსაც უკვირდა, თუ რატომ ვერ მოჰყვა მსხვერპლი, იმიტომ რომ ეს "კარგი საშუალება იქნებოდა" მათთვის, რომ თავიანთი აგენტურა ხელისუფლებაში მოეყვანათ.

კარგად დაფიქრდნენ ეს ადამიანები, რა განცხადებებს აკეთებენ, შემთხვევით ხომ არ არის ამ განცხადებებში ძალადობისკენ მოწოდება და კანონდარღვევები," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, 26 მაისის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებმაც შეკრება დააანონსეს და კონსულტაციებს სალომე ზურაბიშვილთან გადიან, საკუთარ გეგმებზე საჯაროდ საუბრობენ. 26 მაისზე ამჯერად გედევან ფოფხაძემ ილაპარაკა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა ახსენა პროცესების რადიკალიზაცია, შენობების პიკეტირება, მსხვერპლი და ტყვიები.