კახა კალაძე: საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დალაგდება. ყველაზე მთავარი არის რუსეთ - უკრაინის ომის დასრულება. სანამ ეს ომი არ გადავა მილევად რეჟიმში, ყოველთვის ექნებათ ცდუნება, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი

კახა კალაძე

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დალაგდება. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის რუსეთ - უკრაინის ომის დასრულება. სანამ ეს ომი არ გადავა მილევად რეჟიმში, რა თქმა უნდა ყოველთვის ექნებათ ცდუნება, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, საქართველო ჩაერთოს ამ ომში და შეუერთდეს სანქციებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE".

„სანქციების შეერთებით ჩვენ რანაირად დავაზიანებთ რუსეთის ეკონომიკას?! სანქციის შინაარსი ხომ ის არის, რომ სხვა დააზიანო შენი დაწესებული სანქციით. ამ გადაწყვეტილებით თუ საკუთარი თავი დავიზიანეთ, მაშინ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში.

ჩვენ ხალხი იმიტომ გვენდო და იმიტომ გვიჭერს დღესაც მხარს, რომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენს სამშობლოს ვიცავთ, ეროვნულ ინტერესს ვიცავთ, იმ რიგით მოქალაქეს ვიცავთ, იმ გზაარეულებს და მათ ოჯახებსაც ვიცავთ ამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.