კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები თუ გასცემენ ისეთ დაპირებებს, რომელთა განხორციელება შეუძლებელია, ახსნა-განმარტება უნდა გააკეთონ

კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას არ სურს ოპოზიციაზე საუბარი და არ აინტერესებს მათი დღის წესრიგი, თუმცა ისინი წინასაარჩევნოდ თუ გასცემენ არარეალისტურ დაპირებებს, უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტებაც.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას ძალიან ბევრი აქვს სასაუბრო თბილისის მოსახლეობასთან დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე და  „ლელო ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი არ აინტერესებს.

„არ მინდა ოპოზიციაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო მოსახლეობასთან, თბილისელებთან. რაც შეეხება აღნიშნულ პარტიებს, მათ ჰყავთ თავიანთი კანდიდატი წარმოდგენილი და თუ ისინი გააკეთებენ ისეთ დაპირებებს, რომელიც თავშივე ვიცით, რომ განწირულია მარცხისთვის და შეუძლებელია მათი განხორციელება, ამას უნდა მოჰყვეს ახსნა-განმარტება, საიდან, როგორ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, პირობითად, მე, კახა კალაძეს, თბილისის მერს, როგორ შემიძლია, შევცვალო პენსიის ოდენობა. ეს ხომ ძალიან დიდი ტყუილია და ეს ხომ წარმოუდგენელია. შეუძლებელია, რომელიღაცა მუნიციპალიტეტის მერმა შეცვალოს პენსიის ოდენობა, გაზარდოს, ან შეამციროს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად უნდა გააკეთონ ახსნა-განმარტებები.

„არ მინდა საუბარი მათ დაპირისპირებაზე, თვითონ გააკეთონ ახსნა-განმარტებები, საერთოდ არ მაინტერესებს მათი დღის წესრიგი. ხედავთ, რომ კამპანია დაწყებული გვაქვს, ყოველდღიური შეხვედრები მიმდინარეობს, მნიშვნელოვან, საინტერესო სიახლეებს ვპირდებით დედაქალაქის მოსახლეობას. ბევრი მაგარი პროექტი გავაკეთეთ ბოლო რვა წლის განმავლობაში. ეს არის რეალობა და ნუ მოგვერიდება რეალობაზე საუბარი, მაგრამ, ამასთანავე, ვამბობ, რომ უამრავი პრობლემა და გამოწვევაა. თბილისი უძველესი ქალაქია, თავისი ავარიული შენობებით, მოძველებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით და ამ ყველაფერს სჭირდება მოწესრიგება. ერთადერთი გუნდი და ძალა, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება, კეთილდღეობისა და სიკეთის მოტანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.