კახა კალაძე: ერთ მხარეს გვყავს რადიკალების გაერთიანება, ჩვეულებრივი აგენტურა, რომელშიც წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა. მეორე მხარეს კი მშვიდობა, განვითარება და ღირსეული ევროპული მომავალი გვაქვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თბილისის მერს პოზიტიური მოლოდინები აქვს. როგორც კახა კალაძე განმარტავს, საზოგადოებამ არჩევანი უსამშობლო რადიკალებსა და ღირსეულ მომავალს შორის უნდა გააკეთოს.

„ვემზადებით გამარჯვებისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. ერთ მხარეს გვყავს რადიკალების გაერთიანება, რომლებიც უსამშობლო ადამიანები არიან. ჩვეულებრივი აგენტურაა, რომელშიც წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა. ისინი დღესაც მზად არიან, რომ ქვეყნის წინააღმდეგ შეასრულონ ნებისმიერი დავალება. მეორე მხარეს მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა და ღირსეული ევროპული მომავალი გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

26 ოქტომბერს ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. სულ 3031 უბანი გაიხსნება და მათ შორის 2 263-ზე კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართება.