კახა კალაძე: ბიუჯეტში თანხები გაიზარდა და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებისთვის 100 მილიონია გამოყოფილი - იმედი მაქვს უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ითანამშრომლებს მუნიციპალიტეტთან

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში თანხები გაიზარდა და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლებისთვის 100 მილიონია გამოყოფილი.

„გვქონდა გარკვეული გამოწვევები, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ვაღწევდით მოსახლეობის 100%-იან შეთანხმებას, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია პროექტის განხორციელება. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს შევეხოთ კერძო საკუთრებას, თუ არ არის კონკრეტული მცხოვრების თანხმობა. თავიდან უფრო მეტი გამოწვევა იყო, რადგან რაღაცნაირად შეშინებული იყო მოსახლეობა და ამასაც თავისი ახსნა აქვს. იყო სამშენებლო კომპანიები, რომლებმაც უდიდესი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქის მოსახლოებას, გვახსოვს უამრავი დაუმთავრებელი შენობა რამხელა გამოწვევა იყო, მაგრამ აქაც ჩვენი ჩართულობით 12 ათასი ოჯახი გავაბედნიერეთ. როდესაც რამდენიმე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ, ხალხმა ეს დაინახა. ეს პროექტები უპრობლემოდ განხორციელდება და ავარიული საცხოვრებელი კორპუსების მაგივრად ადამიანებს ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ, რომელიც იქნება გარემონტებული და მოწესრიგებული. იმედი მაქვს უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ითანამშრომლებს მუნიციპალიტეტთან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.