იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, არჩილ კოჭლამაზაშვილს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, არჩილ კოჭლამაზაშვილს მოუსმინა და მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაადგინა, რომ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შესაბამისობაშია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

მან კოლეგებს მოსამართლეობის კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები გააცნო და აღნიშნა, რომ მისი სამუშაო გამოცდილება სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. არჩილ კოჭლამაზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა არჩილ კოჭლამაზაშვილმა გასაუბრების პროცესში დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მათ შორის: მოსამართლედ მუშაობის პერიოდში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სასამართლოსადმი გაზრდილ მიმართვიანობასა და გადატვირთულობაზე, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობაზე, სამართალსა და სამართლიანობაზე, სასამართლოს ეფექტიანობის ზრდაზე.

კომიტეტის წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, არჩილ კოჭლამაზაშვილს მხარი დაუჭირეს.