ავარია თბილისში - დაშავებულია სამი ადამიანი
1749751947
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ერთ-ერთმა ავტორმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური უცხოელი IT სპეციალისტების მოზიდვას საქართველოში და კანონში არსებული რეგულაციების თანამედროვე IT ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისად ადაპტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს მათ შემოსვლას და დასაქმებას ქვეყანაში.
„სამწლიანი IT ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ სპეციალურ სტატუსს, რომელიც უცხოელ IT პროფესიონალებს – დეველოპერებს, დიზაინერებს, ანალიტიკოსებს და სხვა ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტებს აძლევს უნივერსალურ შესაძლებლობას ლეგალურად იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოში სამწლიანი ვადით“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, ცვლილება შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც პროფესიულად საქმიანობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და აქვთ დადასტურებული კვალიფიკაცია - შესაბამისი განათლება, სამუშაო გამოცდილება ან საერთაშორისო სერტიფიკატები.
მომხსენებლის განცხადებით, სამწლიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა საშუალებას იძლევა, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ ტექნოლოგიურ ცენტრად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.