იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება განიხილა

გრეტა წიწავა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა გრეტა წიწავამ განაცხადა, ცვლილების თანახმად, კანონმდებლობით გამკაცრდება სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებული რეგულაციები.

კანონპროექტის მიხედვით: სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ამ იარაღით/ვაზნით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები: ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით); უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება; სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა; საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).

ინიცირებული ცვლილებით, სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს გასცემს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო, ნებართვებს - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ამასთან, სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მოპოვებისთვის დგინდება ასაკობრივი ცენზი და აღნიშნული ნებართვის მოპოვების უფლება ექნება პირს 18 წლის ასაკიდან.

კანონპროექტით კანონს ემატება ახლი ნორმა, რომლითაც რეგულირდება სასიგნალო იარაღის ტარების წესი, კერძოდ, სასიგნალო იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი, ან იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება. ასევე, დაუშვებელი იქნება სასიგნალო იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.

„საქართველოს კანონმდებლობით სასიგნალო იარაღის შეძენა, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს, რისთვისაც არ არის დადგენილი რაიმე სახის ნებართვა. მარტივია სასიგნალო იარაღის ან და საბრძოლოს მასალის იმგვარი გადაკეთება, რომლის შედეგადაც სასიგნალო იარაღიდან შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის გასროლა. სასიგნალო იარაღისგან გამომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, აგრეთვე, იარაღის ბრუნვის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის ტარების წესი, თუმცა აუცილებელია დასახელებული წესი საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები შედის კიდევ რამდენიმე კანონში, მათ შორის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“