იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ბიომეტრიული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის ტექნოლოგიას უკავშირდება

გორდულაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭრია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს მოწმობის წვდომის კოდს, რომელიც გამოიყენება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის და QR კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.). ასევე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება თითის ანაბეჭდი.

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იქნება 6 თვეზე ნაკლები.

პროექტის თანახმად, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – 5 წლის ვადით; რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადას, ის განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ირაკლი დგებუაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკის, პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიისა და მისი ფუნქციონალის მოძველების გამო, რადგან ისინი ვეღარ პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს.