ისტორიული მოცემულობაა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიამ თავისი ბარბაროსული აგრესია სწორედ რომ 7 აგვისტოს განახორციელა - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

7 თუ 8 აგვისტო? - როდის დაიწყო საომარი მოქმედებები და რატომ შეცვალა თარიღი წლების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ." "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ იმ ბრძანებულების მიხედვით, რომელსაც ხელს სააკაშვილი აწერს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საზღვარი 8 აგვისტოს გადმოკვეთა.

წლების განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობა" ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აცხადებდა, თუმცა შემდეგ თარიღი შეცვალა.

სახელისუფლებო გუნდი ყოფილ სახელისუფლებო ძალას ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასაც ახსენებს. დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ დამტკიცდა. მე-5 და მე-11 პუნქტებში საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს, ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. რეზოლუციას ხელი "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელმა ლიდერებმა მოაწერეს, რაც, მმართველი გუნდისთვის, სააკაშვილის პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგი დასტურია.

"ქართულ ოცნებას" ახლა ოპონენტებისგან აინტერესებს, რატომ დათანხმდნენ რეზოლუციის იმ შინაარს, რომელშიც საქართველო ომის დამწყებ ქვეყნად ჩაიწერა.

აღნიშნულ საკითხზე შეფასებები გაკეთდა "ნაციონალურ მოძრაობაში." ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 7 აგვისტოს დაიწყო რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა აგრესიული ქმედებები.

"7 აგვისტო არის ის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესიის განხორციელება რუსეთმა. 7 აგვისტოს ესე გამორჩევა არ იყო იმ დროს ასეთი მნიშვნელოვანი, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 8 აგვისტოს უფრო სხვა მასშტაბის გახდა, ასე ვთქვათ, შეტაკებები, ამიტომაც იყო ეს 8 აგვისტო ხალხის ცნობიერებაში დალექილი.

რაც შეეხება 7 აგვისტოს, უბრალოდ ეს ფაქტი გახლავთ, ისტორიული მოცემულობა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიამ ეს თავისი ბარბაროსული აგრესია განახორციელა, სწორედ რომ 7 აგვისტოს.

რაც შეეხება რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა, ასეთი ინტერპრეტაცია აქვს, რომ თითქოსდა ეს რეზოლუცია რაიმე სახით ადანაშაულებს ქართულ მხარეს ომის დაწყებაში, არ გახლავთ ასე. ეს რეზოლუცია იყო იმდენად მიუღებელი რუსეთისთვის, რომ რუსეთის დელეგაციამ დატოვა პროტესტის ნიშნად დარბაზი", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.