"ის, რაც მიიწერა ოპოზიციამ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად" - ლევან ცუცქირიძე ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე

ლევან ცუცქირიძე

ბრიუსელში გაგზავნილი წერილის გამო, ოპოზიციურ პარტიებს "ქართული ოცნება" ისევ მწვავედ აკრიტიკებს - მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ფაქტს ჯაშუშობის მტკიცებულება უწოდა. თქვა, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ევროკავშირისგან, საკუთარი ქვეყნის დასჯა მოითხოვეს.

შეფასებებში ცალსახად არ ეთანხმება "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია, სადაც განმარტავენ, რომ ევროკავშირის ლიდერებს ინფორმაცია ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე მიაწოდეს და მიზანი სწორედ ქვეყნის ინტერესების დაცვა იყო.

"თუ სადმე ნახავთ ამ წერილში ისეთ რამეს, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ამოცანებს ეწინააღმდეგება, წამიკითხეთ ციტატა და გიპასუხებთ. მაგრამ ის, რაც მიიწერა ოპოზიციამ არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.

არჩევნების საგამოძიებო მისია, მთავრობასთან ყველა დონეზე კომუნიკაციის შეწყვეტა, ხელისუფლებისთვის დახმარების შეჩერება - ამ მოთხოვნებით, ერთობლივი წერილი ოთხმა პარტიამ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს.