1745863963
ირაკლი ზარქუამ, ნოდარ ტურძელაძემ და ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, კომიტეტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს.
ირაკლი ზარქუამ დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქართულ სახელმწიფოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
თავის მხრივ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ქართულ დიასპორას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო.
დიასპორის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისგან ინფორმაცია მიიღეს როგორც მათ საზღვარგარეთ ყოფნის ხელშეწყობის, აგრეთვე საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, რეინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე და პროტოპრესვიტერი მამა გიორგი (მათურელი).
ირაკლი ზარქუა, ნოდარ ტურძელაძე და ვლადიმერ კონსტანტინიდი ასევე ეწვივნენ ათონის მთას, სადაც სასულიერო პირებთან შეხვედრა გამართეს.