ირაკლი ზარქუა: ბარამიძის განცხადება არის ქვეყნის, ჯარის, ხალხის მტრობა, ვფიქრობ, ამაზე შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებას მოახდნენ

ირაკლი ზარქუა

ბარამიძე არის შტერი, ამ ადამიანის განცხადებაზე სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბროთ, გონებაშეზღუდულია. სიგიჟე თქვა, იმის ნაცვლად, ამ სისულელის გამო ბოდიში მოეხადა, უფრო უარესი თქვა, ტყვეებს არა მხოლოდ ჯარისკაცები ხვრეტდნენ, არამედ მოსახლეობაცო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ამას ქართველ ერზე ამბობს, რომელსაც მსოფლიოსთვის ვაჟკაცობის არაერთი მაგალითი მიუცია.

„ეს თქვა სააკაშვილის თავდაცვის მინისტრმა. აი, ასეთი ლაჩრები ჰყავდა და ამ ლაჩრებით ქართველი ხალხის დაჩაგვრა უნდოდა. არ გამოვრიცხავ, ეს შორს მიმავალი განცხადება იყოს, რომ მტრებს საშუალება მისცეს, თუ დასჭირდათ, საერთაშორისო არენაზე, საქართველოს წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ეს განცხადება გამოიყენონ. არ ვიცი, მსგავსი სიშლეგე. იმის ნაცვლად, ბოდიში მოეხადა და ეთქვა, სხვა რამეს ვგულისხმობდიო, უარესი თქვა, ტყვეებს მოხალისეებიც არ ინდობდნენო. მისი განცხადება მტრული დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ახლაც მავნებლობას აგრძელებენ, რომ ქვეყანა გააშავონ და მტერს საშუალება მისცენ, ქვეყნის წინააღმდეგ რაღაც არგუმენტები ჰქონდეთ. სააკაშვილი და მისი გუნდი მეხუთე კოლონაა. ეს ხალხი აგენტურაა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხან ერთ, ხან მეორე სახელმწიფოს ემსახურებოდა. ბარამიძემ საქართველოს „ესენგეში“ შესვლას და იქ დარჩენას მხარი დაუჭირა. ბარამიძე ლაჩარი, რიგითი ქართველია, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ არაერთი საქმე ჩაუდენია. სვანეთში მის მიერ დატრიალებული ტრაგედიები გახსოვთ?  რუსებზე აღტაცებული საუბრობს, დისციპლინირებული ხალხი იყვნენ, თურმე, ისინი ტყვეებს კეთილშობილებით ექცეოდნენ და ჩვენ ვხვრეტდით. ეს ნაგვები გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოს ინტერესებს იცავენ. დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებაზე რეაგირება იქნება, რადგან არ შეიძლება, რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ეს არის მტრობა საკუთარი ქვეყნის, ჯარის, ხალხის. მგონია, რომ ამაზე შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებას მოახდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.