ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოზე მიზანმიმართული შეტევის მიზანია, ეს სახელმწიფო ისე დააზიანონ ან ისეთი საბაბები გააჩინონ, რომ იქნებ სანქციები იყოს შემოღებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

ქადაგიშვილი

საქართველოზე მიზანმიმართული შეტევის მიზანია, ეს სახელმწიფო ისე დააზიანონ ან ისეთი საბაბები გააჩინონ, რომ იქნებ სანქციები იყოს შემოღებული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისე ამ ქვეყნის განვითარებას ვერ აჩერებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო მონაცემებით აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7,5 პროცენტია და ყველაზე მაღალი ხარისხის ბაზარმა საქართველოს მიმართ უმაღლესი ნდობა გამოაცხადა.

„ჩვენთან ეკონომიკის სოციალური მდგრადობა იმდენად დიდია, რომ ინვესტორს ჩვენი ფასიანი ქაღალდების შეძენა უღირს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით – აქამდე რატომ მიდიან? ამდენი წელი გავიდა და ევროკომისიას რა უშლიდა ხელს საქართველოსთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციის მიღებისთვის და დიალოგის გამართვისთვის? არ მართავენ, რადგან 2024 წლის არჩევნებში დამარცხება ვერ გადაიტანეს. მათთვის ეს პირადი მარცხი იყო. იმ პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც ყოველგვარი დემოკრატიის, საერთაშორისო ურთიერთობის, დიპლომატიის დარღვევით აქ საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ, რა თქმა უნდა, ეს არის შურისძიება, თორემ შეეძლოთ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში და სხვა მიმართულებით დიალოგი ჰქონოდათ. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი გვაქვს. რატომ არიან ციხეში პოლიტიკოსები? იმიტომ არიან, რომ ათეულობით წლის მოქმედი კანონის მიუხედავად რომ უარს აცხადებ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე, სანქცირებადია. ანუ თვითარჩევანი გააკეთეს. ადამიანი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრის, კანონს არღვევს და მოძრაობას კეტავს ხელოვნური შეფერხებისთვის, ის კანონის მოქმედების ქვეშ ხვდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.