ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის სისტემური ძალადობის დამკვიდრება, მაგრამ არის მეორე უბედურება, როდესაც ძალადობა გინდა არ გინდა, საპასუხო რეაქციას იწვევს

ირაკლი ქადაგიშვილი

დღეს აპელირება ხდება იმაზე, რომ აქციის დაშლა ძალადობრივად მოხდა. მიზანი სწორედ ეს იყო, იმ ძალებისათვის, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ოპოზიციის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, მიეცათ რაიმე საბაბი, რომ ამით საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტი გაჩენილიყო. ამ აქციების მიზანი სწორედ იყო ძალადობრივი სცენების შექმნა და დადგმა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, როდესაც აქციის მიზანმიმართული ამოცანაა ძალადობრივი ვითარება შეიქმნას ქალაქში, იქ ხდება გადაცდომაც და მათ შორის გაურკვეველ ჯგუფებს შორისაც დაპირისპირება.

„როდესაც ხდებოდა გარკვეულ შემთხვევებში, პოლიციის მხრიდან ძალაუფლების გადაჭარბება, ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, ბევრი საკითხის პრევენცია მოხდა და ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე სისხლის სამართლებრივი ან სხვა სახის სამართლებრივი საქმე არის აღძრული, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ყველა ასეთ გადაჭარბებაზე, გადაცდომასა თუ დანაშაულის ფაქტზე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის სისტემური ძალადობის დამკვიდრება, მაგრამ არის მეორე უბედურება, როდესაც ძალადობა გინდა არ გინდა საპასუხო რეაქციას იწვევს ხოლმე და ხდება ხოლმე, რომ პოლიციელიც იყენებს გადაჭარბებულად ძალას. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება მოქალაქეებს შორის ძალადობრივი სცენების განხორციელება, როდესაც ნიღბით დაფარული ადამიანები სხვა ადამიანებს ესხმიან თავს და ასევე ხდება თავდასხმა ჟურნალისტებზე.

როდესაც აქციის მიზანმიმართული ამოცანაა ძალადობრივი ვითარება შეიქმნას ქალაქში, იქ ხდება გადაცდომაც და მათ შორის გაურკვეველ ჯგუფებს შორისაც დაპირისპირება, რაზეც შესაბამისი რეაგირება და გამოძიებაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.