1746993243
ირაკლი ქადაგიშვილი: პარტიების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ დაბალი მაჩვენებლის დაფიქსირებას ურჩევნიათ ამაყად დაიჭირონ თავი და თქვან, რომ ისინი არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ

პოლიტიკური პარტიების რაღაც ნაწილი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ დაბალი მაჩვენებლის დაფიქსირებას ურჩევნიათ ამაყად დაიჭირონ თავი და თქვან, რომ ისინი არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამით თითქოსდა თავისი სახე შეინარჩუნონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს, ელოდება უცხოეთიდან მითითებებსა და დავალებებს, რის შემდეგაც გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობას.
„ოპოზიცია გაურკვევლობაშია, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ მათ ძირითადად გარე კარნახით იცხოვრეს და იმოქმედეს. ის მანდატები, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა 150-კაციან პარლამენტში, 61 ადგილი ჰქონდათ და ადგნენ და ასე გაანიავეს. ამიტომ ახლა არ იციან რა ტაქტიკა აირჩიონ. არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ, მაშინ დგება საკითხი, თუ არჩევნებში ისედაც იღებდით მონაწილეობას, ამ ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში მოგიწიათ ცხოვრების გაგრძელება, მაშინ რატომ ტოვებდით იმ მანდატებს, რომელიც ჩვენ მოგანიჭეთ?! აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ოპოზიციაში იწვევს განხეთქილებას, რაც ბუნებრივიც არის. მაგრამ ამავდროულად ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ხომ არ მიიღო, გარე კარნახით არის მიღებული. ახლაც ელოდებიან საბოლოო ჯამში გარედან რა მოხდება, რაც მათი აზრით დამოკიდებულია იიმაზე, რომ „მეგობარი აქტის" მაგვარი ანტიქართული დოკუმენტები, განცხადებები იქნება მიღებული და ამის მიხედვით უკარნახებენ თუ არა აქ ვითარების ესკალაციას. თუმცა, თვითონაც გრძნობენ, რომ ასეთი ქმედებებით ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია, ამიტომ ნაწილი ალბათ გადაწყვეტს საბოლოო ჯამში, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ბოლომდე არ გამარგინალდეს მათი პოლიტიკური პარტიები.
მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიების რაღაც ნაწილი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან აქაც მათი მერკანტილური მიზნები იქნება ჩადებული. გარე კოორდინაციის მიუხედავად, შიდა კონკურენციაც არსებობს, ამიტომ ზოგიერთ პარტიას შეიძლება კიდევ იმაზე დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდეს, ვიდრე ეს საპარლამენტო არჩევნების დროს იყო, რადგან მათ თავისი პოლიტიკური კაპიტალი გაანიავეს. ამიტომ მათ დაბალი მაჩვენებლის დაფიქსირებას ურჩევნიათ ამაყად დაიჭირონ თავი და თქვან, რომ ისინი არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ამით თითქოსდა თავისი სახე შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.