ირაკლი ქადაგიშვილი - „მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, საქმე სიურრეალიზმთან გვაქვს, აშშ-ისა თუ ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის აღქმა რეალისტური უნდა გახდეს

ქადაგიშვილი

„მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, საქმე სიურრეალიზმთან გვაქვს, ნათქვამია – „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაბარებული საქართველო“, „ირანს ჩაბარებული საქართველო“, „რუსეთს ჩაბარებული საქართველო“, ეს ის პროპაგანდისტული კლიშეებია, რაც ამერიკის პროპაგანდისტულ სივრცეში მუშაობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, კონგრესმენებიდან ბევრმა არც იცის, საქართველოში რა ხდება, სოლიდარობითი კენჭისყრაა.

„მეგობარი აქტის“ სათაური რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, რომ საქმე სიურრეალიზმთან გვაქვს, ნათქვამია – „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაბარებული საქართველო“, „ირანს ჩაბარებული საქართველო“, „რუსეთს ჩაბარებული საქართველო“. ეს ის პროპაგანდისტული კლიშეებია, რაც ამერიკის პროპაგანდისტულ სივრცეში მუშაობს. ადგნენ და ეს კლიშეები საქართველოს პირდაპირ მიაწებეს. არ მგონია, კონგრესმენებიდან ბევრმა იცოდეს, საქართველოში რა ხდება. ეს სოლიდარობით კენჭისყრაა. ამ კლიშეებს რომ წაიკითხავ, მიხვდები, რომ საუბარია ერთგვარ ლობისტურ ქმედებაზე, რასაც საქართველოს რეალობასთან ნაკლებად აქვს შეხება. იმ ადამიანების მიკვირს, ვინც ქართველ პოლიტიკოსობას იბრალებს და ასეთ სიურრეალისტურ სათაურებს ტაშს უკრავენ და თავის პოლიტიკურ გეგმებს ამაზე აწყობენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ასეთი სიურრეალისტური შემოტევების მძევალი ვერ გახდება.

„ჩვენი ქვეყანა ამისგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს, ქვეყნის აღქმა ამერიკის თუ ევროკავშირის მხრიდან რეალისტური უნდა გახდეს და არა, ისეთი, როგორიც ამ სიურრეალისტური სურათის დამხატველ პოლიტიკოსებს წარმოუდგენიათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.