1795082067
ირაკლი ლატარია: ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, არ უნდა გაგვიკვირდეს, ყოფილი პრემიერის დამცველთა რიგში ნათელაშვილი - კუკავას "ძვირიანი ანარეკლიც" ჩაეწეროს, მთავარია, ღარიბაშვილს არ დაენანოს და ფული გადაიხადოს, ნათელაშვილი რომ უარს არ იტყვის, ყველამ იცის
ექსპერტი ირაკლი ლატარია ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის მხარდასაჭერად გარკვეულ ჯგუფს კრებდა, რომლის წევრებიც სხვადასხვა მედიასაშუალებით მის დაცვასა და ხელისუფლების კრიტიკას ცდილობდნენ.
ლატარიას შეფასებით, ღარიბაშვილის მხარდამჭერთა გააქტიურება, მათ შორის კახა კახიშვილის, სანდრო ბრეგაძისა და კახა კუკავას განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყოფილი პრემიერი საკუთარი ინტერესების გასატარებლად ფინანსურ რესურსებს იყენებს.
ექსპერტი ასევე სვამს კითხვას, საიდან აქვს ღარიბაშვილს მსგავსი კამპანიების დასაფინანსებლად საჭირო თანხები და ვარაუდობს, რომ მის სახლში ამოღებულ ქონებაზე გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი შეიძლება ჰქონდეს გადამალული.
„მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ფინანსურ დანაშაულში ჩართულობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზება დადასტურდა, პატიმრობაში წავიდა და მის წინააღმდეგ აბსურდული შეთქმულების თეორიების შესახებ ჯერ კიდევ არ საუბრობდა, ასავალ - დასავალმა და ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ მისი ქება და დაცვა დაიწყეს, რამაც, საზოგადოების დიდ ნაწილს, ლოგიკურად აფიქრებინა, რომ ამ ყველაფერს ყოფილი პრემიერი ავალებდა და ამისთვის ფულსაც იხდიდა. დროთა განმავლობაში, ამას კახა კახიშვილის გაკეთებული განცხადებები და სანდრო ბრეგაძის გააქტიურებაც მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ვარაუდი, რომ ღარიბაშვილი ერთგვარ გუნდს კრეფდა, რომლის წარმომადგენლებსაც მისი „მესიჯები“ უნდა გაეჟღერებინათ. ბუნებრივია, კახიშვილი - ბრეგაძის დუეტი, სხვადასხვა დროს, ღარიბაშვილის მთავრობაში მუშაობდა, და შეიძლება მის წინაშე, გარკვეულ ვალდებულებებსაც გრძნობენ, თუმცა, რატომღაც მგონია, რომ არც ყოფილი პრემიერის მიერ მიწოდებულ მსუყე ლუკმაზე იტყოდნენ უარს.
დროთა განმავლობაში, ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე, დევნაზე, პროვოკაციასა და მახეზე ალაპარაკდა. ისაუბრა ყველაფერზე, თუმცა მისი სახლიდან ამოღებულ მილიონობით ღირებულების ქონების წარმომავლობაზე ერთი სიტყვაც არ წამოსცდენია. ამ პერიოდიდან კი, განსაკუთრებით გააქტიურდა კახა კუკავა, რომელმაც, მოულოდნელად, ისეთ ტელევიზიებში დაიწყო სიარული, აქამდე რომ არ მიესვლებოდა, დაიწყო მთავრობის ყოფილი მეთაურის დაცვა, ხელისუფლების კრიტიკა და „ღარიბაშვილის გვარდიის“ მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა. მათ ვინც არ იცის, უნდა განვუმარტო, რომ ქართულ პოლიტიკაში კახა კუკავა ნათელაშვილის კალიბრის სუბიექტად ითვლება, რომელიც, ისე როგორც, უფრო ძვირად შეფასებული ლეიბორისტების ლიდერი, ფინანსური სარგებლის გარეშე ნაბიჯსაც კი არ დგამს. შესაბამისად, თუ იმას დავაკვირდებით, რასაც ბოლო პერიოდში კუკავა კადრულობს, ცხადი გახდება, რომ ღარიბაშვილი მის ახალ მოლაპარაკე თავს საკმაოდ დიდ თანხას უხდის.
მეორე საკითხია, საიდან აქვს ყოფილ პრემიერს მსგავსი კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების ფინანსები? როგორ ახერხებს კუკავა და მისი სხვა „გვარდიელები“ ტელევიზიიდან ტელევიზიებში ატაროს და გაზეთის ფურცლებზე მათი მოსაზრებები დააბეჭდინოს? როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა იმ მილიონებზე ბევრად მეტი ფული მოიპარა, რომელიც სახლიდან ამოუღეს, ახლა კი, სადღაც გადამალულ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ფინანსებს, მსგავს კუკავასნაირ დამცველებში ხარჯავს.
ერთად ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, საბოლოოდ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყოფილი პრემიერის დამცველთა რიგში შალვა ნათელაშვილი - კუკავას „ძვირიანი ანარეკლიც“ ჩაეწეროს, მთავარია, ღარიბაშვილს არ დაენანოს და ფული გადაიხადოს, თორემ ნათელაშვილი რომ უარს არ იტყვის, ეგ ისედაც ყველამ იცის.“ - წერს ლატარია.










