ირაკლი კობახიძე: ყველა უნივერსიტეტი დიპლომს გასცემს სახელმწიფოს სახელით, თუმცა ერთი დიპლომის ხარისხი დაბალია, მეორის - მაღალი, დასახვეწია ხარისხის მართვის სისტემა

ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია დღეს მოქმედი ხარისხის მართვის სისტემის დახვეწა, ის არ არის საკმარისად ეფექტიანი და ხშირ შემთხვევაში ხარისხის ფორმა ფორმალურ ხასიათს ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხარისხის მართვის სამსახურში შედის კურიკულუმები, სილაბუსები, ხდება მათი გადამოწმება, თუმცა ეს არსებითად ფორმალური პროცედურაა.

„ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დიპლომის ხარისხზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა უნივერსიტეტი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო, დიპლომს გასცემს სახელმწიფოს სახელით, თუმცა ზუსტად იდენტური დიპლომი, გაცემული სხვადასხვა უნივერსიტეტის მხრიდან, არის განსხვავებული ხარისხის შინაარსობრივად. მაგალითად, გერმანია რომ ავიღოთ, სადაც მოქმედებს 100-მდე სახელმწიფო სხვადასხვა უნივერსიტეტი, თითო ქალაქში მოქმედებს თითო უნივერსიტეტი ბერლინის გარდა, სადაც ორია, არსებითად, სწავლების ხარისხი შინაარსობრივად ერთი და იგივეა და სახელმწიფო გასცემს დიპლომს, რაზეც იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენთან ასე არ არის. ერთი დიპლომის ხარისხი არის დაბალი, მეორის – მაღალი, ყველა თანაბრად გაიცემა სახელმწიფოს სახელით. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხარისხის მართვის სისტემა საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას და დახვეწას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.