ირაკლი კობახიძე: ყველა აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი, თუ ვინმეს უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, დაცული ვერ იქნება გაუნათლებლობის ავტონომია

ირაკლი კობახიძე

ყველა აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით. ვინმეს თუ უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, თვისებრივად გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში.

„საქართველოში ვერ იქნება დაცული გაუნათლებლობის ავტონომია. ჩვენი ამოცანაა, თვისებრივად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ამ ქვეყანაში. ამას ვინც ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. ყველა ხომ აღიარებს, რომ ძალიან დაბალია უმაღლესი განათლების ხარისხი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ჩათვლით. ასევე ეხება ეს თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და ასე შემდეგ. ამაზე ღიად გვქონდა საუბარი შესაბამისი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელობასთან. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. ვინმეს თუ უნდა, დატოვოს ეს მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ. ჩვენი მიზანია, თვისებრივად გაუმჯობესდეს განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.